ფლებოლოგთა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია შავი ზღვის აუზის ქვეყნების მონაწილეობით

19/06/2018

2018 წლის 2-3 ივნისს პირველად საქართველოში ფრანგული ფარმაცევტული კომპანია “სერვიეს” და საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის ორგანიზებით, კერძოდ, პროფ. მამუკა ბოკუჩავას თაოსნობით, გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - შავი ზღვის ფლებოლოგთა საერთაშორისო შეხვედრა. კონფერენცია ჩატარდა ბათუმში, სასტუმრო შერატონში. მასში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიო რანგის უცხოელი ექსპერტები, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე ცნობილი პროფესორი, სისხლძარღვთა ქირურგი, ევროპის ვენური ფორუმის პრეზიდენტი ენდრიუ ნიკოლაიდესი და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მოღვაწე 100-მდე პროფესიონალი. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა წარიმართა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით.
კონფერენცია ეძღვნებოდა ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის დარგში არსებული უახლესი მტკიცებულებებისა და პრაქტიკული მიღწევების წარმოდგენას, მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ისეთი აქტუალური და მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადების მიმოხილვას, როგორიცაა ქრონიკული ვენური დაავადება და ვენური თრომბოზი. აღნიშნული საკითხები პლენარული სესიებისა და ვორქშოფების ფორმატში იყო მიწოდებული დამსწრე საზოგადოებისთვის. ხაზგასასმელია, რომ შავი ზღვის ფლებოლოგთა საერთაშორისო შეხვედრა არის პირველი პრეცედენტი, როდესაც მსგავსი კონფერენცია ფლებოლოგიის დარგში აღნიშნული არეალის - შავი ზღვის აუზის ქვეყნების მონაწილეობით გაიმართა. შესაბამისად, ის უდავოდ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქრონიკული ვენური დაავადების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებასა და ზოგადად, აღნიშნული დარგის განვითარებაში ამ არეალის ქვეყნებში.
შავი ზღვის ფლებოლოგთა საერთაშორისო შეხვედრის მნიშვნელობა აღსანიშნავია იმ მხრივაც, რომ ღონისძიების ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა ახალი პროფესიული ასოციაციის - შავი ზღვის ვასკულარული ასოციაციის ჩამოყალიბებას. აღნიშნული ინიციატივის ავტორი და ორგანიზატორი საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ზაზა ლაზარაშვილი გახლდათ.